რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?




ხელების დაბანა COVID-19-ისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების ერთ-ერთი წყარო ზედაპირებია, მაგალითად, კარის სახელურები, მოაჯირები და სხვა საზიარო ნივთები. თუ ასეთი ზედაპირები ინფიცირებული ადამიანის გამოყოფილი წვეთებითაა დაბინძურებული, მათზე შეხებითა და შემდეგ ხელის თვალებთან, პირთან და ცხვირთან მიტანით ჩვენ ვირუსს ორგანიზმში მოხვედრის საშუალებას ვაძლევთ. რადგანაც ადამიანი 1 საათის განმავლობაში დაახლოებით 16-ჯერ იკიდებს სახეზე ხელს, ამ გზით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია.
აქედან გამომდინარე, დღეს, პანდემიის პირობებში, ხელების ხშირი და სწორი დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


გახსოვდეთ, ხელები უნდა დაიბანოთ:  

      სახლში შემოსვლისას, დაუყოვნებლივ

      ცხვირის მოწმენდის, დაცემინებისა და დახველების შემდეგ

      გაციების ნებისმიერი სიმპტომის (ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი) მქონე ადამიანთან კონტაქტის შემდეგ

      საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ

      საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ

      საკვების მომზადებამდე, მომზადების პროცესში და მომზადების შემდეგ

      საკვების მიღებამდე

      ბავშვისთვის პამპერსის გამოცვლისა და საპირფარეშოს გამოყენებისას მისი გაწმენდის შემდეგ

      ცხოველთან კონტაქტის და ცხოველის განავალთან შეხების შემდეგ

      ნაგავთან შეხების შემდეგ


სასურველია, ხელების დასაბანად საპონი და წყალი გამოიყენოთ. ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად ნებისმიერი ტიპის საპონი გამოგადგებათ - ხელის საპონი, ტანის დასაბანი ლოსიონი და ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც კი. არ არის აუცილებელი, საპონი ანტიბაქტერიული იყოს.

საქმე ისაა, რომ საპონში შემავალი მოლეკულები არღვევს მიკრობების მემბრანულ გარსს, რის გამოც მემბრანიანი მიკრობები (როგორიცაა აივ, C და B ჰეპატიტის ვირუსები, კორონავირუსები, ებოლა, სხვადასხვა ენტერო და სასუნთქი გზების დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და ა.შ.) საპონთან შეხებისას კვდება. ამასთან, საპონში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება წყვეტს იმ ბმებს, რომლებიც ბაქტერიებსა და ვირუსებს კანზე მიმაგრების საშუალებას აძლევს.

მიკროორგანიზმების ხელებიდან მოსაშორებლად ასევე მნიშვნელოვანია გამდინარე წყალში ხელების სწორი მექანიკური დამუშავება.

გაითვალისწინეთ შემდეგი ხუთი წესი და მისდიეთ სურათზე მოცემულ მითითებებს:

  1. ხელები კარგად დაისველეთ
  2. ხელები გაისაპნეთ ისე, რომ საპნის ქაფმა სრულად დაფაროს ხელის ზედაპირი
  3. ხელები იბანეთ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში
  4. ხელები კარგად ჩამოიბანე და დარწმუნდი, რომ საპონი მთლიანად ჩამოშორებულია
  5. ხელები სუფთა, მშრალი ხელსახოცით გაიმშრალეთ



ცნობილია, რომ ხელების დასაბანად საპნისა და წყლის ალტერნატივა 60%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველი სანიტაიზერი წარმოადგენს. თუმცა, სანიტაიზერით დამუშავება საპნითა და წყლით დაბანაზე ნაკლებად ეფექტიანია. მართალია, ის საპნის მსგავსად არღვევს მიკრობების მემბრანებს, მაგრამ სანიტაიზერი ისევე კარგად ვერ აშორებს მიკრობებს კანიდან.

გაითვალისწინეთ:

       სანიტაიზერი ვერ ანადგურებს ყველა სახის მიკრობს

       ის არ არის ეფექტიანი, როც ხელები შესამჩნევად ჭუჭყიანია

       სანიტაიზერმა შეიძლება ვერ მოგაშოროთ მავნე ქიმიკატები (მაგ. პესტიციდები ან მძიმე მეტალები)

       სანიტაიზერის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, როც საპნითა და წყლით ხელის დაბანის საშუალება არ გვაქვს

გახსოვდეთ:

·       ხელების დაბანა ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

·       აუცილებელია, ხელები დავიბანოთ ხშირად, განსაზღვრული წესების დაცვით

·       ხელების დასაბანად ნებისმიერი საპონი გამოგადგებათ

·       სანიტაიზერი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა საპნითა და წყლით ხელების დაბანას ვერ ვახერხებთ


წყარო: 
CDC

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?