ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება უსაფრთხოა!






ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2) ჰაერწვეთოვანი გზით, ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შედეგად ვრცელდება. ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული ადამიანის გამოყოფილი წვეთებით დაბინძურებული ზედაპირიდანაც, თუ ასეთ ზედაპირზე შეხების შემდეგ დაუბანელ ხელს სახესთან მივიტანთ და ვირუსი ლორწოვანი გარსებიდან (ცხვირი, პირი, თვალები) ორგანიზმში შემოაღწევს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კონტამინირებული (დაბინძურებული) საკვებით არ გადაეცემა.
COVID-19 სრულებით განსხვავდება კვებითი მოწამვლისგან, რაც დაბინძურებული ან არასათანადოდ მომზადებული საკვების მიღებითაა გამოწვეული და ღებინებით ან ფაღარათით ვლინდება.

გარდა იმისა, რომ მათი მირთმევით ახალი კორონავირუსი არ გადაგედებათ, ხილი და ბოსტნეული ვიტამინების ბუნებრივი მარაგი და ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაგალითად, ყვითელ ხილსა და ბოსტნეულში - ციტრუსებში, გარგარში, სტაფილოში - დიდი რაოდენობით გვხვდება ბეტა-კაროტენი, ანტიოქსიდანტი, რომელიც A ვიტამინის წინამორბედია. იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია თუთია, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, კიტრი და ისპანახი. ასევე ანტიოქსიდანტია ვიტამინი C, რომლის მიღებაც ციტრუსებიდან და მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეულიდან, კერძოდ, კომბოსტოდან, ბროკოლიდან და ისპანახიდან შეგვიძლია.

ისევე, როგორც ყოველთვის, COVID-19 პანდემიის დროსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვების უსაფრთხოების წესების დაცვა. ამისთვის გთავაზობთ ამერიკის აკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაციებს საკვების მომზადებასთან დაკავშირებით:

  • საჭმლის მომზადებამდე დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით 20 წამის განმავლობაში
  • საკვების მომზადების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ დანა, საჭრელი დაფა და თეფშები გარეცხეთ ცხელი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით
  • გაწმინდეთ სამზარეულოს ზედაპირი სუფთა ნაჭრით, ტილოთი. სამზარეულოს ტილოები ხშირად გარეცხეთ ცხელი წყლით
  • ხილი და ბოსტეული გარეცხეთ გამდინარე წყლი, იმის მიუხედავად, აპირებთ თუ არა მათ გათლას
  • გარეცხვის შემდეგ გაამშრალეთ პროდუქტი სუფთა ნაჭრით

  • აუცილებლად განაცალკევეთ ხილისა და ბოსტნეულის საჭრელი დაფა, თეფში და დანა ხორცი, ზღვის პროდუქტები და კვერცხითვის გამოყენებული ჭურჭლისგან, რათა თავიდან ავირიდოთ ჯვარედინი დაბინძურება

  • მალფუჭებადი პროდუქტები შეინახეთ სუფთა მაცივარში -6°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

გახსოვდეთ, საკუთრივ საკვებით კორონავირუსი არ ვრცელდება, მაგრამ სურსათის ყიდვის დროს მოერიდეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტს, დაიცავით 1-2 მეტრის დისტანცია, ეცადეთ არ შეეხოთ ზედაპირებს, სახლში მოსვლისთანავე და, რა თქმა უნდა, საკვების მომზადების დაწყებამდე გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

გაამოთ!


წყარო:


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?