შემიძლია თუ არა მგზავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს?


კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველად 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, ახალი ინფექციის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე კვირაში COVID-19 სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 11 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა პანდემია. ამის შემდეგ სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა საზღვრების ჩაკეტვა და როგორც ქვეყნის გარე, ასევე შიდა ფრენების შეჩერება გადაწყვიტა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აიკრძალა ან შეიზღუდა სახმელეთო ტრანსპორტით ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის გადაადგილება.


რა ვითარებაა საქართველოში, შეგვიძლია თუ არა მგზავრობა და როგორ უნდა მოვიქცეთ?

გავეცნოთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს:

  • შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა: საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო (გარდა სპეციალური ჩარტერული რეისებისა)
  • ასევე, ქვეყნის შიგნით იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. შეჩერებულია შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით
  • თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა, სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა
  • შეჩერებულია სარკინიგზო მგზავრობა (გარდა სატვირთო გადაზიდვებისა)



საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოგვიწოდებს შევიკავოთ თავი ნებისმიერი სახის მგზავრობისგან და აუცილებლად დავრჩეთ სახლში



31 მარტიდან  მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც:

  • სრულიად იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება
  • დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის ტაქსებით) გადაადგილება, სადაც უნდა იყოს არა უმეტეს 3 ადამიანისა (მძღოლის ჩათვლით). მგზავრები აუცილებლად უნდა ისხდნენ უკანა სავარძელზე
  • მაღაზიებში ვიზიტისას დაცული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია
  • იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება
  • 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება ნებისმიერი გადაადგილება. ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი
  • 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა აკრძალულია, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში
  • მონიტორინგისთვის საქართველოს ქალაქებში მოეწყობა საკონტროლო პუნქტები, რომლებსაც შსს და თავდაცვის უწყებები გააკონტროლებენ

ნებისმიერ მოქალაქეს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა)
ყველა სახის მოგზაურობა, რომელიც დაგეგმილი გქონდათ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, გადაგედებათ ან გაუქმდება. შეზღუდვების გამო ბოლო თვის მანძილზე აღინიშნება ქალაქშიდა და ქალაქთაშორისი გადაადგილების მკვეთრი შემცირება. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მუზეუმი თუ ისტორიული ძეგლი დაკეტილია, დღესასწაულები და სპორტული ტურნირები - გადადებული, ხოლო საკვები ობიექტების დიდი ნაწილი - დახურული (თუმცა, ადგილზე მიტანის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ).

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვმოგზაურობდი და  საქართველოში დაბრუნება მსურს?

ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოიძიოთ სპეციალური ჩარტერული რეისები ამ ბმულზე:


საქართველოში შემოსვლისას თქვენ აეროპორტში გაივლით ტესტირებას და მოთავსდებით საკარანტინო ზონაში, სადაც მეთვალყურეობის ქვეშ 2 კვირას გაატარებთ.






Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?