შესაძლებელია თუ არა COVID-19 რამდენიმეჯერ დაგვემართოს?




ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი შეუძლებელია, თუმცა, მეცნიერებს უკვე აქვთ ვარაუდები.

ზოგადად, როდესაც ჩვენ რომელიმე მიკროორგანიზმით, თუნდაც ვირუსით ვართ ინფიცირებული, ორგანიზმი ამ ინფექციის გამომწვევის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ანტისხეულები მიკრობის მიმართ ერთგვარ რეზისტენტობას, ანუ მდგრადობას უზრუნველყოფს. ყოველ მომდევნო ჯერზე, როდესაც იგივე ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება, სწორედ ეს ანტისხეულები გვიცავენ განმეორებითი დასნებოვნებისაგან.
  • ანტისხეულები იწყებენ მოქმედებას მაშინ, როდესაც ისინი ამოიცნობენ ანტიგენს, რომელიც ყოველი ბაქტერიისა თუ ვირუსისთვის უნიკალურია.

  • ანტისხეულები Y ფორმის ცილებია. ისინი ეხმარება ორგანიზმს იბრძოლოს პათოგენებისა და, მათ შორის, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ამაში მათ ჩვენი დამცავი იმუნური სისტემის უჯრედები ეხმარება.

შესაძლოა, შეგხვედრიათ სტატიები მსგავსი სათაურით „ადამიანები გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან, თუმცა შემდეგ მათი ტესტის პასუხი ისევ დადებითი გახდა. რატომ?“. დღეისთვის ექიმები მიიჩნევენ, რომ არსებული ტესტების შეზღუდული შესაძლებლობების გამო, „განმეორებით დაინფიცირებული“ პაციენტების ანალიზების პასუხებში ცდომილებაა და ეს ჭეშმარიტი ხელახალი ინფექციის მანიშნებელი არ არის.


ახალი კვლევები გვიჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირება ნაკლებად სავარაუდოა.

მაიმუნებში ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, მაიმუნები განმეორებითი ინფიცირების მიმართ რეზისტენტულები გახდნენ.

საინტერესოა ასევე ჩინეთის 2002-2003 წლების SARS-კორონავირუსის პანდემიის დროს ინფიცირებული 34 ექიმის 13-წლიანი კვლევის მონაცემებიც:
  • SARS-კორონავირუსი (SARS-CoV) კორონავირუსის სხვა შტამია, რომელიც მძიმე მწვავე რესპირაციულ სინდრომს (SARS) იწვევს. ეს შტამი ჰგავს ახალ კორონავირუსს. სწორედ ამიტომ ახალ კორონავირუსს SARS-CoV-2-ს უწოდებენ. 
  • პანდემიის დროს ინფიცირებული ექიმების სისხლის პლაზმის ნიმუშებს 2003-2015 წლების განმავლობაში ყოველწლიურად იკვლევდნენ.
  • მათ უმრავლესობას გამოუმუშავდა ანტისხეულები, რომლებიც საკმარისი იყო შემდგომი 12 წლის განმავლობაში მათი ორგანიზმის SARS-CoV-ისგან დასაცავად.
  • აღსანიშნავია, რომ ანტისხეულების რაოდენობამ პიკს 2004 წელს მიაღწია, ხოლო შემდეგ თანდათან შემცირება დაიწყო.
მართალია, ეს საკითხი მრავალი კვლევის საგანია და დაბეჯითებით საუბარი ჯერჯერობით ადრეა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ.



ინფორმაციის წყარო: 


Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?