ესაუბრეთ ბავშვებს კორონავირუსზე




ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ბევრად მეტს ხვდება, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ. იმის
მიუხედავად, გისაუბრიათ თუ არა თქვენს შვილთან ახალ კორონავირუსზე (COVID-19), მან ისედაც იცის, რომ მსოფლიოში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. სკოლები ონლაინ - სწავლებაზე გადავიდა, გარეთ გასვლა შეზღუდულია, ადამიანები ნიღბებით გადაადგილდებიან და ტელევიზორშიც ყველა ამაზე საუბრობს - ბავშვი ამ ყველაფერს ამჩნევს.


ექსპერტების მოსაზრებით, ბავშვებთან ამ თემის უგულებელყოფა და საუბრისგან
თავშეკავება უფრო მეტ მღელვარებას გამოიწვევს, ვიდრე მათი ინფორმირება. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, პირველ რიგში თქვენ იყოთ საკითხში გათვითცნობიერებული და გადალახოთ საკუთარი შიში და შფოთვა.


ბავშვს ასაკისა და განვითარების შესაბამისად უნდა მივუდგეთ და სათანადო
მოცულობის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება გადაიტვირთოს. კარგი იქნება, შესთავაზოთ ბავშვს, გიამბოთ, რა სმენია კორონავირუსის
შესახებ და როგორ გრძნობს თავს. მიეცით კითხვების დასმის საშუალება და მზად
იყავით პასუხების გასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ მის ყველა შეკითხვაზე პასუხი არ გაგაჩნიათ, დაარწმუნეთ, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუბრუნდებით ამ საკითხს. თქვენი მიზანია, არ წაახალისოთ კორონავირუსთან დაკავშირებული საშიში ფანტაზიები და ბავშვი დაამშვიდოთ.


ბავშვები ეგოცენტრულები არიან - მათ შესაძლოა ძალიან ეშინოდეთ, რომ
კორონავირუსი დაემართებათ. გონივრული მიდგომით დაარწმუნეთ, რომ
ბავშვებისთვის ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის. მართალია, ბავშვები ავადდებიან, მაგრამ ხშირად მათ სიმპტომები არ აქვთ და გამოვლინების შემთხვევაშიც, ეს სიმპტომები უმეტესად მსუბუქია. ასევე აუხსენით, რომ ექიმები, პროფესიონალები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებენ ადამიანების დასახმარებლად.


ზოგადად, ბავშვებს უყვართ სხვისი დახმარება. აუხსენით, რომ ჰიგიენის წესების დაცვა, სახლში დარჩენა და რისკის ქვეშ მყოფი უფროსების მონახულებისგან თავშეკავება სხვა ადამიანებს დაავადებას აარიდებს. ბავშვი თავს ძლიერად გრძნობს, როცა იცის, თავი როგორ დაიცვას. ხშირად შეახსენეთ, რომ ხელები 20 წამის (ურჩიეთ, ორჯერ იმღეროს “Happy Birthday”) განმავლობაში საპნით დაიბანონ. განსაკუთრებით გარედან შემოსვლისას, საჭმლის მირთმევამდე; დახველების, დაცემინების, ცხვირის მოწმენდის
და საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. ამის მაგალითი ჩვენვე უნდა მივცეთ.


ასევე მნიშვნელოვანია რუტინის შემუშავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლებში და ბაღებში სწავლა შეწყვეტილია. ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს გაღვიძება და დაძინება, განსაზღვრულ დროს საკვების მიღება მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობისათვის.


დაბოლოს, ხშირად ესაუბრეთ ამ თემაზე: მიაწოდეთ ახალი ინფორმაცია და არ
დაგავიწყდეთ ბავშვის შექება იმისთვის, რასაც უსაფრთხოების დაცვისა და სხვების
დახმარებისთვის აკეთებს.

გახსოვდეთ:

  • ბავშვები იმაზე მეტს აცნობიერებენ, ვიდრე გვგონია
  • აუცილებელია, გასაგებად და მარტივად ავუხსნათ შექმნილი ვითარება
  • ბავშვის დასამშვიდებლად საჭიროა, ვიყოთ კარგად ინფორმირებული და გადალახული გვქონდეს შიში და ღელვა



წყაროები:

Comments

Popular posts from this blog

COVID-19 და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები

რატომ, როგორ და რით დავიბანოთ ხელები?

რამდენი ხანი ძლებს კორონავირუსი ზედაპირებზე?